ჩორიზო
შეზავებულია: პაპრიკით, ჩილით (მწარე და ტკბილი წიწაკით), ცერეცოთი, ნივრით, ღვინით
ჩორიზო ღორის ბეჭის ნაჭრისგან მზადდება: საწყის ეტაპზე, ხორცს ვაცილებთ ცხიმს და ვატარებთ, გატარებულ ხორცს კი კვლავ ვაზავებთ ცხიმთან 80% (ხორცი) / 20% (ცხიმი) პროპორციით. მიღებულ მასას ვანაწილებთ და ვანელებთ მარილით, ახალი ნივრით, ცხარე და მოტკბო შებოლილი პაპრიკით („ბულგარული წიწაკა“), ცხარე წიწაკის პუდრით და წიწაკის ფანტელებით, ცერეცოს თესლით და მეღვინეობა „ხოხბის ცრემლების“ საფერავით. შეზავებულ ხორცს მთელი ღამის განმავლობაში ვაჩერებთ, რათა ფერმენტაციის პროცესები დაიწყოს. მეორე დღეს, მიღებულ მასას ძროხის ხორცის საშუალო ზომის სასოსისე გარსაცმებში ვათავსებთ და დუღილის (ფერმენტაციის) გასაგრძელებლად, 72 საათის განმავლობაში, 22-გრადუსიან ტემპერატურაზე ვკიდებთ. შემდეგ ეტაპზე, პროდუქტი 12-გრადუსიან ტემპერატურაზე ინახება, ორიდან ექვს თვემდე, საჭიროებისამებრ.
ჩორიზო შებოლილი, მოტკბო და მომწარო საგემოვნო თვისებებით ხასიათდება. სალიამის ეს სახეობა განსაკუთრებით უხდება პიცას და სოუსებს. თუკი მისი მირთმევა დამოუკიდებელი სახით გსურთ, გირჩევთ, თხელ ნაჭრებად დაჭერილი დააგემოვნოთ.